logo
ENG



ჩემი ნათქვამი უკონტექსტოდ დააკავშირეს უკრაინაში ომის ფაქტებთან - ოხანაშვილის განმარტება

06 აპრ 202216:04
3 წუთის საკითხავი
 
ჩემი ნათქვამი უკონტექსტოდ დააკავშირეს უკრაინაში ომის ფაქტებთან - ოხანაშვილის განმარტება
ფორმულა

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ "ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება" და განმარტავს თავისივე განცხადებას.

ოხანაშვილის თქმით, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას უპასუხა, თუ რას აკეთებდნენ ენმ-ს წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ "ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ".

"ბინძური ცილისწამების კამპანია გრძელდება ნაც. მოძრაობისა და მათი პარტიული ტელევიზიების მხრიდან. დღეს, ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ნაც. მოძრაობის პროვოკაციულ ნაბიჯებს და არა უკრაინაში ოკუპანტის მიერ წარმოებულ ომს, ვუპასუხე, თუ რას აკეთებდნენ ნაც. მოძრაობის წარმომადგენლები საქართველოში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რომ ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები საქართველოს წინააღმდეგ!

ასევე, აღვნიშნე, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ხალხი უკრაინის ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს მისაღები.

ჩემი ეს ნათქვამი მიზანმიმართულად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, დააკავშირეს უკრაინაში ომის კონკრეტულ ფაქტებთან, რაც არის გამეორება აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩადენილი დანაშაულის. თითქოს, ამ ფაქტებზე ვსაუბრობდი.

რა თქმა უნდა, ოკუპანტი ქვეყანაა პასუხისმგებელი უკრაინაში ომის წარმოებაზე და იმ შედეგებზეც, რაც იქ ხდება!", - წერს ოხანაშვილი.

დღეს, 6 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას ანრი ოხანაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: "უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრეს, სიტყვით გამოსულიყო პარლამენტში, ასევე ქართული ოცნება ამბობს, რომ ენმ-სთანაა ის აფილირებული. რას ნიშნავს ეს დამოკიდებულება?"

ამაზე მან უპასუხა, რომ თუ უკრაინასთან შუამავალი უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, მაშინ "მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინის ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა".

მანვე დაამატა, რომ კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, "ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება".

"წესი ეგეთია, რომ ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას და თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა და ჩვენ შუამავალი თუ უნდა გვყავდეს ნაციონალური მოძრაობა უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინის ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა.

კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ უკრაინაში.

ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა და როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გასაკვირი შემდგომ, მათი რაღაცა ნაბიჯები და შემდგომ ჩვენი რეაქცია, ბევრისთვის არ უნდა იყოს", - თქვა ოხანაშვილმა. 

 

 

 


close დახურვა