logo
ENG



ჩემი ხმა: წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, მიდგომები დარღვევებისადმი უსამართლო

25 ოქტ 202414:02
3 წუთის საკითხავი
 

სადამკვირვებლო მისიამ ჩემი ხმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასება დაასრულა, რომელშიც მონაწილეობა მისიის არაერთმა წევრმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო.

სადამკვირვებლო მისიის საერთო შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პარტიები შეზღუდული არ ყოფილან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო იყო არათანაბარი, ხოლო სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილებები და მიდგომები საარჩევნო დარღვევების მიმართ უსამართლო და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიკერძოებული.

ორგანიზაციები განცხადებაში ამბობენ, რომ ასეთი საარჩევნო გარემოსთვის მზადება მმართველმა პარტიამ დიდი ხნით ადრე დაიწყო - მიიტაცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური დისკრედიტაციის კამპანია, გააუარესა და მის ინტერესებს მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა.

"ყველა სახელმწიფო ორგანოს მმართველი პარტიისადმი დაქვემდებარებამ ცხადია ნეგატიური გავლენა იქონია წინასაარჩევნო პროცესზე. ხელისუფლების სამივე შტო და ასევე, ე.წ. ,,დამოუკიდებელი ინსტიტუტები“ სრულიად მოქმედებდნენ მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად. სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები, როგორც წესი იყო/არის ცესკოს ან/და მმართველი პარტიის სასარგებლო.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ არ ხდებოდა სათანადო რეაგირება ან საერთოდ არ ხდებოდა რეაგირება და საზოგადოების ინფორმირება გამოძიების დაწყებისა თუ დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის ნებაზე სხვადასხვა აპრობირებული მეთოდებით - მათ შორის, მუქარით, დაშინებით, სახელმწიფო უწყებების მფლობელობაში არსებული პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევით, მოსყიდვით, უკანონო დაპირებების გაცემით ზემოქმედებისა და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღსანიშნავია წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შექმნილი მტრული გარემო, რასაც წინ უძღოდა აპრილში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება.

ასევე, აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო სექტორის მიმართ მუქარა, სიტყვიერი თავდასხმა, დისკრედიტაციის კამპანიები აქტიურად მიმდინარეობდა, არ დარჩენილა არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვინც სამოქალაქო სექტორის დეზინფორმაციის და დისკრედიტაციის კამპანიაში არ იყო ჩართული.

ასევე, აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა მასიური დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე.

"პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო მანქანა, ასევე ხელისუფლების მიერ კონტროლირებული და მართული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ემსახურებოდა მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს. ამ პროცესში, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით მონაწილეობდნენ არა მხოლოდ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, არამედ სასამართლო ხელისუფლებაც და ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც - ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია და ანტიკორუფციული ბიურო.

წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი ტენდენცია იყო ასევე მმართველი პარტიის მიერ სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება - საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, მათ შორის მათ მხარდამჭერ აქციებზე საჯარო მოხელეების მათი ნების საწინააღმდეგოდ წაყვანა, საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება.

არათანაბარი იყო საარჩევნო კამპანიისა და ზოგადად პარტიების დაფინანსების მასშტაბებიც. დაფიქსირდა მმართველი პარტიისათვის პოლიტიკური კორუფციის მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებები, თუმცა ამ ფონზე სრულად უმოქმედო იყო ანტიკორუფციული ბიურო ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმების სამიზნე იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია.

"კომუნიკაციების კომისია, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდისტული არხების დაჯარიმების რამდენიმე შემთხვევით ამაოდ ცდილობდა ნეიტრალურობის ფასადის შექმნას, უმეტესწილად უკანონოდ და დაუსაბუთებლად სწორედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ სამაუწყებლო კომპანიებს აჯარიმებდა.

მკვეთრად უთანასწორო იყო საარჩევნო პერიოდში მედიაზე წვდომა საარჩევნო სუბიექტებისათვისაც. სახელისუფლებო რედაქციის მქონე მედიასაშუალებები დახურული იყო ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი პარტიის წევრები კრიტიკულ მედია-საშუალებებს არ სტუმრობდნენ, რამაც დააზიანა ამომრჩევლის ჯეროვანი ინფორმირების პროცესი", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა