ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, თუ NATO-ს ჯარები უკრაინას დახმარებას უშუალოდ მის ტერიტორიაზე გაუწევენ, ეს საერთაშორისო ნორმებს არ დაარღვევს.
"უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, რაც არსებითად აგრესია იყო, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბით, ვიდრე დღეს, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებდა NATO-ს საწვრთნელი მისია, რომელიც ერთ დროს 15-ზე მეტ ქვეყანასა და დაახლოებით 1 000 ადამიანს მოიცავდა", - ამბობს ჩეხეთის პრეზიდენტი.
პაველის თქმით, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების თვალსაზრისით, არაფერი შეუშლის ხელს NATO-ს წევრი ქვეყნების ჯარებს, უკრაინას დაეხმარონ. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს NATO-ს ჯარების ჩართვას უკრაინის დახმარებაში მისსავე ტერიტორიაზე, პაველი პასუხობს, რომ აღნიშნულ საკითხზე დისკუსიას არ გამორიცხავს.
27 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
მოგვიანებით, მაკრონის განცხადებას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.