ჩეხეთის პრემიერმინისტრი პეტრ ფიალა ამბობს, რომ პრაღის ცენტრში თავდასხმას გამართლება არ აქვს. სიტყვით გამოსვლისას, ფიალამ აღნიშნა, რომ ბევრი ახალგაზრდა სიცოცხლე "უაზრო თავდასხმას" შეეწირა.
"ამას აბსოლუტურად არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ღრმა მწუხარებას და ზიზღს ვგრძნობ ამ გაუგებარი და სასტიკი ძალადობის გამო", - თქვა ფიალამ.
პრემიერმინისტრის თქმით, ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ეს იყო იზოლირებული ინციდენტი და არ იყო ტერორისტული აქტი ან ორგანიზებული ჯგუფის თავდასხმა. მან ასევე დაარწმუნა მოსახლეობა, რომ საფრთხე აღარ არსებობს.
პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობაში სროლა იყო. დაღუპულია 15 ადამიანი, ათასობით პირი კი დაიჭრა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი კაცი მკვდარია. პრაღის მერის თქმით, მსროლელი სიმაღლიდან გადმოხტა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის 24 წლის სტუდენტია.
როგორც ცნობილია, დილით მან მამა მოკლა, რის შემდეგაც უნივერსიტეტში წავიდა. ფაკულტეტის შენობაში სროლის გარდა, თავდამსხმელი სახურავიდან გამვლელებსაც ესროდა.