logo
ENG



ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ - კობახიძე ოპოზიციაზე

30 ნოე 201911:05
3 წუთის საკითხავი
 
6trffj8ew7doi0y.jpg

„ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ შეგვიძლია, მაგალითად, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ", - ამგვარად შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელი შეხვედრის მოსალოდნელი შედეგები. 

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ოპოზიცია ქუჩაში დარჩება, ეს მმართველ გუნდისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელია.

"ისინი ქუჩაში თუ დარჩებიან, ჩვენ ეს პოლიტიკურად უფრო მეტად გვაწყობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ყოველდღიურ რეგრესს განიცდიან. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გერმანური მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, მაგრამ თუ ოპოზიცია ხელისუფლებას კანონთან თავსებად ვარიანტს შესთავაზებს, განხილვა შესაძლებელია. 

"თუ ოპოზიციას აქვს კონსტიტუციასთან თავსებადი და ყველა თვალსაზრისით, ნაციონალური შემოთავაზება, ბუნებრივია, შეგვიძლია განვიხილოთ. ანუ ამ შემთხვევაში, კრიტერიუმი იქნება კონსტიტუციასთან თავსებადობა და ნაციონალურობა. როგორც იცით, მათი მხრიდან შემოთავაზებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მკაფიო სამართლებრივი პოზიცია გვაქვს. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეწინააღმდეგება "გერმანული მოდელი" საქართველოს კონსტიტუციას და მზად ვართ, კოლეგები დავარწმუნოთ ამაში. როცა ვამბობ "გერმანულ მოდელს", ვგულისხმობ ამ მოდელის იმ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არის შემოთავაზებული. ეს ვარიანტიც, ისევე როგორც კლასიკური ვარიანტი, თანაბრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, რომ შეხვედრა შემდგარიყო. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. მზად ვართ, ეს ყველაფერი განვიხილოთ", - განაცხადა კობახიძემ.


close დახურვა