ქართული მარში კინოჩვენების ჩასაშლელად ემზადება. მარშელების განცხადებით, მათი მთავარი გეგმაა, რომ ქართველი მაყურებელი არ დაესწოს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებას.
"ქართული მარშის" წევრების განცხადებით, ისინი საჭიროებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. კითხვაზე იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ დღეს არ ექნება ადგილი ძალადობას, ისინი განმარტავენ, რომ ამ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, რადგან მათი მიზანი კინოჩვენების ჩაშლაა.
"ჩვენ გვირღვევენ კანონს და შს სამინისტროსაგან ჩვენ ველოდებით, კანონდარღვევების წინააღმდეგ განსახორციელებელი სანქციების სერიას. ამ პროტესტს გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ, სადაც არსებობს პროტესტის სამართლიანი საფუძველი, იქ ყალბი პერფორმანსების ადგილი არ არის," - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე. ყოფილმა დეპუტატმა ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე და დაგეგმილ აქციებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. როგორც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, ის მომხრეებთან ერთად არ დაუშვებს ფილმის ჩვენებას და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის კორდონსაც გაწევენ გვერდით და დაიკავებენ კინოდარბაზს. ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის ფილმის ჩვენება მიუღებელია.
ამავდროულად განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას. კინოთეატრში ფილმის წინა სეანსი, უსაფრთხოების მიზნით გააუქმეს. ფილმის მიმდინარეობისას არსებული ვითარების მონიტორინგს გეგმავს „თბილისი პრაიდიც."