რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 16 ადამიანის ანალიზები იგზავნება.
როგორც თეა თავართქილაძე აცხადებს, მათთან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს, მისი მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა თანდართული დაავადებები არ აღენიშნება.
„რესპუბლიკურში ახლა წევს 50 პაციენტი, დადასტურებულია ერთი შემთხვევა. გაიტესტება 16 პაციენტი, ოთხი გადადის კარანტინში, ხუთი კი ეწერება. სტაციონარში ყველას მდგომარეობა არის დადებითი. კოვიდდადებითი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო. ეს არის შუახნის ქალბატონი, ის არის დადასტურებული კლასტერიდან. თანდართული დაავადებების მას არ აღენიშნება", - ამბობს თეათავართქილაძე.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო უშუალოდ ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.
საქართველოში 31 მარტიდან საგანგებო რეჟიმი და ე.წ. კარანტინის საათი მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში მიიღო. ამ განკარგულების თანახმად, მოქალაქეებს 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.