logo
ENG



ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი, სებასტიან პინერა ავიაკატასტროფაში დაიღუპა

07 თებ 202409:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/07/erc4xli7d6bof86.jpg

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი, ბიზნესმენი და მილიარდერი, სებასტიან პინერა ავიაკატასტროფის შედეგად 74 წლის ასაკში დაიღუპა. ვერტმფრენი ქალაქ ლაგო რანკოსთან ახლოს ტბაში ჩავარდა, ბორტზე მყოფი კიდევ სამი ადამიანი გადარჩა.

როგორც BBC წერს, პინერა საკუთარ ვერტმფრენს მართავდა, თუმცა კატასტროფის დროს იყო თუ არა მფრინავი, დადასტურებული არაა. მისი ცხედარი ჩილეს სამხედრო-საზღვაო ძალებმა ამოიყვანეს. ესპანური გაზეთი El País წერს, რომ აღნიშნული რეგიონში ყოფილი პრეზიდენტი ყოველ თებერვალს ოჯახთან ერთად ისვენებდა.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

სებასტიან პინერა ჩილეს პრეზიდენტი ორი ვადით იყო. პირველი ვადის დროს, 2010-2014 წლებში მას სწრაფ ეკონომიკურ აღმასვლას მიაწერენ. მეორე ვადით პინერა პრეზიდენტის თანამდებობაზე 2018 წელს დაბრუნდა და ამ პერიოდში ქვეყანაში მწვავე სოციალური არეულობა იყო.

1990 წელს სამხედრო მმართველობის დასრულების შემდეგ პინერა ჩილეს პირველი კონსერვატიული პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობაზე პროფესიით ეკონომისტმა, რომელმაც განათლება ჰარვარდში მიიღო, ჩილეს პირველი ქალი პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი შეცვალა.

ფულის დიდი ნაწილი მან 1980-იანებში გამოიმუშავა, როდესაც თავისი კომპანია Bancard-ის შუამავლობით ჩილეს საკრედიტო ბარათები შესთავაზა. გარდა ამისა, მან ჩილეს უმსხვილეს ავიაკომპანია Lan Chile-ში, ქვეყნის საუკეთესო საფეხბურთო კლუბსა და სატელევიზიო არხში ჩადო ინვესტიცია.


close დახურვა