ჩინეთიდან ჩამოსულ კიდევ ერთ პაციენტს მკურნალობენ ინფექციურ საავადმყოფოში. პაციენტი კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს. ის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
„დღეს დილით ჩამოფრინდა ქალბატონი, რომელიც წამოსული იყო ჩინეთიდან. თერმოსპილინგის შედეგად დაფიქსირდა ტემპერატურა. ის მოიყვანეს ცენტრში და მოავათავსეთ საიზოლაციო ბოქსირებულ განყოფილებაში. გამოირიცხა პნევმონია. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის გვყავს სამი პაციენტი“, - ამბობენ ინფექციურში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ უხანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია კვლავ მიმდინარეობს. ამჯერად ორ მოქალაქეს გადაიყვანენ საფრანგეთში, სადაც გაივლიან საკარანტინო პერიოდს.
„დაავადების გავრცელების პირველივე დღეებში უხანში იყო საქართველოს 10 მოქალაქე, რომელთაგან ორმა საკუთარი ინიციატივით დატოვა ქალაქი. სამინისტრომ პირველივე დღეებიდან დაიწყო მუშაობა საევაკუაციო გეგმაზე და გუშინ განხორციელდა სამი მოქალაქის ევაკუაცია თურქეთში. კიდევ დაიწყო ორი მოქალაქის ევაკუაცია, რომელსაც საფრანგეთი ახორციელებს და საკარანტინო პერიოდის საფრანგეთში გავლის შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის ქალაქ უხანში კარანტინია გამოცხადებული.