logo
ENG



ჩინეთის ელჩი: კარგ პირობებში ჩინურ კომპანიებს ანაკლიის პროექტში ჩართვის პრობლემა არ ექნებათ

06 სექ 202315:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/06/61rvj79kpjoghen.png

საქართველოში ჩინეთის ელჩის , ჭოუ ციენის თქმით, კარგი პირობების შემთხვევაში, ანაკლიის პორტისა და სხვა პროექტებში ჩართვა ჩინური კომპანიებისთვის "პრობლემა არ იქნება".

ეს განცხადება მან თბილისში გამართული კონფერენციის შემდეგ ჟურნალსტებთან საუბრისას გააკეთა.

ელჩმა ისაუბრა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ " გვაქვს უფლება, ავირჩიოთ ვინ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი".

"აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ჩინეთს აქვს ყოვლისმომცველი, სტრატეგიული პარტნიორობა. ჩემი აზრია, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე, სარტყელისა და გზის ინიციატივა წარმატებული არ იქნება, რადგან ლოჯისტიკური თვალსაზრისით რომ ვილაპარაკოთ, წარმოება და საქონელი უზრუნველყოფილია ჩინეთიდან. სამომხმარებლო ბაზარი კი არის ევროკავშირში. ამიტომ, ორივეს მხარდაჭერის გარეშე, წარმატება შეუძლებელია. ამიტომ, ეს ჩინეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

რაც შეეხება ანაკლიას, ზოგადად სარტყელისა და გზის ინიციატივისა და შუა კორიდორის გასწვრივ, იმედია ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის მიმართ იქნება ინტერესი ჩინური კომპანიებისა და მეწარმეობის მხრიდან. ასე რომ კარგი პირობების შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩინური კომპანიებისთვის პრობლემა არ იქნება, ჩაერთონ ანაკლიის პორტისა თუ სხვა პროექტების მშენებლობაში"- თქვა ელჩმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა თებერვალში გამოცხადდა. შერჩეულ ინვესტორთან დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც, სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი, ხოლო 49% კერძო პარტნიორის მფლობელობაში გადავა.

2023 წლის 23 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტით რამდენიმე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა.

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.


close დახურვა