ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოღვაწე ქართველი სტუდენტებისა და დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს საგანგებო სრულუფლებიანი ელჩის ჩინეთის რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძის მისამართით მიმართვას ავრცელებენ.
მათი განცხადებით, უმკაცრესად გმობენ საქართველოში განვითარებულ საგანგაშო მოვლენებს, ასევე მოსახლეობაზე, ჟურნალისტებზე, სტუდენტებზე ძალადობას.
ისინი ელჩისგან საკუთარი პოზიციის დააფიქსირებას მოითხოვენ.
"ჩვენ, ქართველი სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, უმკაცრესად ვგმობთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას ქვეყნის ევროპული კურსის მიმართ, ვგმობთ ძალდობას მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჟურნალისტებზე, სტუდენტებზე, ვინც ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს, ვუერთდებით მათ სულისკვეთებასა და თავდადებას.
განცხადება, ევროპული ინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერებაზე, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ევროინტეგრაციის შესახებ, რაც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს უმნიშვნელოვანეს მისწრაფებას. ამ მისწრაფების უარყოფა ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებსა და თავგანწირვას იმ თაობებისა, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის.
სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებში, ბულგარეთში, ლიეტუვაში, იტალიაში, ჩეხეთში მოღვაწე საქართველოს ელჩებს, ვინც პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. მივმართავთ საქართველოს ელჩს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია სამართლიანობის, სოლიდარობისა და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისადმი ერთგულების პრინციპების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.