საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება, პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
მისი განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ აკრძალვები შეეხება კაფე-ბარებსა და რესტორნებს, სასტუმროებს, ტანსაცმლის ბაზრებსა და ე.წ მოლებს.
„დღეს როდესაც, საგანგებო მდგომარეობს ბევრ ქვეყანაში ისევ გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისიდან, ანუ დღეს ღამის 24:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად გაუქმდეს კომენდანტის საათიც.
ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავ გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ კოვიდ 19-ის გავრცელება, უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა არ დადგეს რისკის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.
- 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
- კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინე ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა. ამ სოფლებში აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს. საკარანტინო ზონად კვლავ რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
- უქმდება სამ კაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მსოლოდ ტაქსით მომსახურების დროს. ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება გამოიყენოს პირბადე.
- უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, მივმართავთ მატ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან და დარჩნენ შინ.
23 მაისის შემდეგაც ძალაშია შეზღუდვები:
- ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქტის ექსპორტი, რომელიც აუცილებელია COVID 19-თან ბრძოლაში.
- რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება.
- სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა.
- ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ ვაჭრობისა.
- ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ.
- სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.
- აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
- სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.
- ყველა ის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მხრიდან. თუ ისინი დაკავებულები არიან სურსათის წარმოებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არის სავალდებულო.
- შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.
ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნაზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და ამ გადაწყვეტილებებს იმ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს, რა ვითარებაც ქვეყანაში იქნება კონკრეტული მომენტისათვის. უწყებათაშორისი საბჭო სრული დატვირთვით აგრძელებს ფუნქციონირებას. იფუნქციონირებს ასევე ცხელი ხაზი - 144.
ღონისძიებებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იქნა გატარებული, მოგვცა შესაძლებლობა, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ვინც მიიღებს ტურისტებს. ამ მიზნებისათვის 15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდა შიდა ტურიზმისათვის, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო იქნება მზად მიიღოს პირველი საერთაშირისო ტურისტები, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები, რაც მოგვცემს საშუალებას სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ეკონომიკის მაღალი დონე და სწრაფად დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.