logo
ENG



ჩიქოვანი - 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების

21 აპრ 202017:18
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 27 აპრილიდან დაიწყება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფიგნზე აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკს გადალახავს, აქტიურად დაიწყება გეგმის განხორციელება, რომელიც ეკონომიკური აქტივობებისთვის ხელის შეწყობას ითვალისწინებს.

„დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მოქმედებებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მოხსნას გულისხმობს. ეს ფაზაც უნდა იყოს სწორად დაგეგმილი და ეს პროცესი აუცილებელია ისეთივე წარმატებით გაგრძელდეს, როგორც აქამდე მიმდინარეობდა შეკავების პროცესი.

მინდა გითხრათ, რომ გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ასევე შევამსუბუქოთ ის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებს და იმოქმედებს. უკვე ორშაბათიდან. ანუ 27 აპრილიდან დაწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობებისათვის ხელშეწყობა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახნაგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.


close დახურვა