გურიაში, ჩოხატაურის რაიონში, რელიგიური შევიწროვების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის გამო მუსლიმი თემი საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვას ითხოვს. მათი თქმით, კონფლიქტი მათ მიერ მოწყობილ სამლოცველოს უკავშირდება, რასაც იქ მცხოვრები ადგილობრივი ქრისტიანი თემი ეწინააღმდეგება.
"კერძო სახლი გვაქვს შეძენილი ჩვენი სახსრებით, სადაც გვინდა, პარასკევის ლოცვა აღვავლინოთ. ვითხოვდით აქ ლოცვას. რომ ვლოცულობთ, გზებზე გვხვდებიან ქალები, კერძოდ, მასწავლებლები და ინიციატივა წამოვიდა მათგან, რათა არ იყოს აქ მუსლიმური სამლოცველო. ვერიდებით ცენტრში გამოსვლას, შეკრებებს, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. დანაწილდნენ ჯგუფ-ჯგუფად, ხვდებიან, მანქანებს აჩერებენ და ურტყამენ ხალხს", - აცხადებს რამაზ ჭაღაიძე ფორმულასთან საუბარში.
გუშინ, 12 იანვარს მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის მუსლიმ ბავშვებს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბუკნარის მკვიდრმა, გ.ს.-მ 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს – 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს.
საკითხს გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). მათი განცხადებით, კერძო საცხოვრებელ სახლში რელიგიური სივრცის ორგანიზება, როცა ის რაიმე სამშენებლო ინტერვენციას არ საჭიროებს, სამართლებრივ რეგულირებას ან ნებართვას არ ექვემდებარება.
EMC მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიიღოს სათანადო ზომები ძალადობრივი პრაქტიკის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარზე დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, გაატაროს ყველა რელევანტური ღონისძიება მეჩეთის სივრცეში მუსლიმების მხრიდან ღვთისმსახურების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის.