ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ კოსმოსში სამხედრო ჯაშუში-თანამგზავრი წარმატებით გაუშვა მას შემდეგ, რაც წინა ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
ეს მოხდა სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრის შემდეგ, სადაც მოსკოვმა ფხენიანს კოსმოსურ პროგრამაში დახმარება შესთავაზა.
სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჯერ დადასტურებული არაა მუშაობს თუ არა თანამგზავრი. მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთისგან დახმარება მიიღო.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ინფორმაციული სააგენტო წერს, რომ თანამგზავრი სახელწოდებით Malligyong-1 ორბიტაზე "ზუსტად" გავიდა, ხოლო ლიდერი კიმ ჩენ ინი გაშვებას თვალს ადევნებდა.
თანამგზავრის გაშვება დაგმო გაერომ, რომელიც ბირთვული რაკეტის შემუშავების გამო ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციებს ინარჩუნებს.
"[ჩრდილოეთ კორეის] მიერ ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებით ნებისმიერი გაშვება ეწინააღმდეგება უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციას", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
მან კვლავ მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, დენუკლეარიზაციის გზას დაუბრუნდეს.
თეთრმა სახლმა ამ ნაბიჯს გაეროს რეზოლუციების "უხეში დარღვევა" უწოდა, ხოლო იაპონიის პრემიერმინისტრმა ასევე დაგმო ჩრდილოეთ კორეის ქმედებები.