ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირველად გამოჩნდა საჯაროდ პატარა ქალიშვილთან ერთად, რითაც დადასტურდა მრავალი მითქმა-მოთქმა მისი არსებობის შესახებ.
გოგო, რომელსაც სავარაუდოდ კიმ ჩუ ე ჰქვია, ქვეყანაში უდიდესი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების ინსპექტირებისას დაესწრო. სახელმწიფო სააგენტო KCNA-მ გაავრცელა ფოტოები სადაც ჩანს, რომ კიმ ჩენ ინი და მისი შვილი ხელჩაკიდებულები დადიან, ათვალიერებენ რაკეტებს და გაშვებას აკვირდებიან.
ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი ლიდერის პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიერ შვილის გამოჩენა დიდი მოვლენაა, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისუფლების მემკვიდრეობითი გადაცემა სწორედ კიმის ხაზით გაგრძელდება.
ექსპერტი მაიკლ მედენი BBC-სთან აღნიშნავს, რომ შვილის გამოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ "2021 წელს კიმსა და ელიტის სხვა წარმომადგენლებს შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა". მისი აზრით, ჩუ ე 12-13 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ 4-5 წელიწადში ის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ან სამხედრო სამსახურისთვის დაიწყებს მზადებას.
გოგოს არსებობის შესახებ პირველად საუბარი დაიწყეს 2013 წელს მას შემდეგ, რაც ამერიკული კალათბურთის ვარსკვლავმა დენის როდმანმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა. როდმანის თქმით, მან დრო კიმ ჩენ ინის ოჯახთან ერთად გაატარა და "ხელში ეჭირა მათი შვილი ჩუ ე".
ექსპერტების მოსაზრებით, კიმ ჩენ ინს შესაძლოა სამი შვილი ჰყავდეს, ორი გოგო და ერთი ბიჭი.