„ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ იმედგაცრუებულები არიან ნამდვილად“ - ასე აფასებს თამარ ჩუგოშვილი საერთაშორისო პარტნიორების გაკეთებულ განცხადებებს ბოლოდროინდელ მოვლენებზე. ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი ღიად ამბობს,რომ ევროპელი პარტნიორები იმედგაცრუებულები არიან და ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლება ვერ გაექცევა.
„ქართულ ოცნებას“ ნდობის დასაბრუნებლად მუშაობა მოუწევს, თუმცა ყოფილი თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ეს მარტივი არ იქნება. მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატები, რომლებსაც ჯერ კიდევ გასულ კვირას, საგარეო ურთიერთობები ებარათ, იხსენებენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების პირობა „ქართულ ოცნებას“ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთ საერთაშორისო ფორმატში გაუცია.
ის დეპუტატები კი, რომლებმაც მმართველი გუნდი გაცილებით ადრე დატოვეს, „ქართულ ოცნებას“ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ. ევროპელი დეპუტატების კრიტიკული განცხადებების მოსმენის შემდეგ აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროინტეგრაციას სერიოზული საფრთხე შეუქმნა.
საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში არსებული განწყობების შესახებ დამატებით ცნობილი სავარაუდოდ მომდევნო თვეში გახდება.