logo
ENG



ჩუგოშვილი: საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ პარლამენტმა არ უნდა იმუშაოს

01 მაი 202012:08
3 წუთის საკითხავი
 
crg3qiyx8d4u9pq.png

პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ბიუროს წევრებს მიმართავს, რომ პარლამენტის სამუშაო განრიგი განსაზღვრონ.

ჩუგოშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„პარლამენტმა ორჯერ დაუჭირა მხარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მაგრამ არცერთხელ არ დაინტერესდა სწორად ხდება თუ არა კრიზისის მართვა (რამდენიმე დეპუტატის უწყებათაშორის კომისიაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი და ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ამ პროცესშია ჩართული).

საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ პარლამენტმა არ უნდა იმუშაოს. მეორე თვეა არცერთი საკომიტეტო თუ პლენარული სხდომა არ ჩატარებულა, სადაც მთავრობის მიერ გატარებული ზომების სათანადო შეფასება მოხდებოდა.

პარლამენტი უნდა მუშაობდეს საგანგებო რეჟიმში, აკონტროლებდეს რამდენად პროპორციულია დაწესებული შეზღუდვები; რამდენად სწორად იგეგმება კრიზისის დაძლევის ნაბიჯები; ხომ არ ხდება აღმასრულებლის მიერ მათზე დელეგირებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
არცერთ ამ მოვალეობას დღეს პარლამენტი არ ასრულებს.

ფაქტია, რომ ვირუსთან გამკლავების პირველ ეტაპს ქვეყანა ეფექტურად გაუმკლავდა, ეს ყველამ ვაღიარეთ, თუმცა წინ სერიოზული ეკონომიკირი სირთულეები გველის. ხალხი პოლიტიკოსებს იმისთვის ირჩევს, რომ დაინტერესდნენ მაინც, მეტი თუ არაფერი, როგორ დაიძლევა ეს სირთულეები.

მე პირადად მგონია, რომ შეზღუდვების ნაწილი უნდა დარჩეს, საჯარო თავშეყრის ადგილებში დისტანციის და ჰიგიენის დაცვა აუცილებელია, თუმცა დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უკვე გადაჭარბებული და არაპროპორციულია.

მივმართავ პარლამენტის ბიუროს წევრებს, თქვენი პასუხისმგებლობაა საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის სამუშაო განრიგის განსაზღვრა. რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ეს ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების მოლოდინს და ამავე დროს სერიოზულად აკნინებს საკანონმდებლო ორგანის მნიშვნელობას. უზრუნველყავით პარლამენტის სამუშაო პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა