ოცნების ყოფილი წევრები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაზე ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურებიან. მათთვის ევროპელი კოლეგების იმედგაცრუება გასაგებია. მმართველი გუნდიდან წამოსული თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ ევროპარლამენტარებში კითხვის ნიშნები გააჩინა.
„მიუხედავად დავტოვე ყველა თანამდებობა, ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზარალდეს. ფაქტია, რომ ევროპარლამენტარები არიან იმედგაცრუებული. ჩვენ თვითონ ვარწმუნებდით მათ ამაში და ვეუბნებოდით, რომ ქვეყანაში პოლიტიკა სხვაგვარად განვითარდებოდა. როდესაც ეს ფაქტი არ შედგა, არავის ეჭვი არ ეპარებოდა და მიღებული ფაქტი ეგონა უკვე ყველას, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დააყენა ის ფაქტი რაც დააყენა, ყველა დარჩა იმედგაცრუებული. გააჩინა ეჭვები და კითხვები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
უმრავლესობის კიდევ ერთი ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ ის ევროპარლამენტარების წუხილს იზიარებს.
"გვაგრძნობინებენ, რომ დიდი ყურადღებით გვაკვირდებიან და მათთვის მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის უმრავლესობის უმრავლესობა უჭერდა მხარს ამ გადაწყვეტილებას, მაინც მე ვერ მივიღე ის ახსნა, რატომ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი პირობა დავდო და მერე არ შევასრულო. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია. მათაც აქვთ ეს კითხვები და რამდენად მიიღებენ ისინი ამ ახსნას, ეს გასარკვევია", - განაცხადა ცქიტიშვილმა.