logo
ENG



ჩხაიძე: ბავშვების უმრავლესობას სჭირდება ინტენსიური თერაპია, მეორე ტალღის დროს ასე არ იყო

08 ივლ 202117:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/08/liyv4k2srnmg2lz.jpg

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, კლინიკებში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობას ინტენსიური თერაპია სჭირდება. 

როგორც ის ამბობს, ინფექციის გავრცელების მეორე ტალღის შემთხვევაში ასე არ იყო და ბავშვებსა და მოზარდებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობდა.

რაც შეეხება მართვით სუნთქვაზე მყოფ ჩვილებს, ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სამი ბავშვი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის მკურნალობას. 

"მოთავსებული ბავშვების უმრავლესობას სჭირდება ინტენსიური თერაპია. ასე არ იყო კორონავირუსის მეორე ტალღის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო აბსოლუტურ უმრავლესობაში მიმდინარეობდა მსუბუქად. ძალიან ცოტა იყო ისეთი ბავშვი, რომელსაც სჭირდებოდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსება. ახლა პირველად დაფიქსირდა ქვეყანაში სამი ბავშვი, რომელიც იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე, რაც მართლაც მიუთითებს ამ ვარიანტის უფრო მეტ აგრესიულობას, მათ შორის ბავშვებშიც", - ამბობს ივანე ჩხაიძე.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზეა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ერთ-ერთი ბავშვი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი და მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მას ინდური, "დელტა" შტამი ჰქონდეს. 

8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა.

ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის სულ 373 728 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 5 415 პირი დაიღუპა.

NCDC-ის ინფორმაციით, 8 ივლისის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 283 631 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 111 589 ადამიანი.


close დახურვა