შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 8 იანვარს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლუწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში ერთერთ კლინიკაში დააკავეს, ის დანაშაულს აღიარებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.