რამდენიმე დღეში თამაზ ცაბუტაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა ეწურება.
ის საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო მოსამართლე იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს დანიშნეს.
დღეს ცაბუტაშვილი ამბობს, რომ ის, ვინც მის ადგილს დაიკავებს, უნდა იყოს გამოცდილი იურისტი. ამასთან, არ არის მიზანშეწონილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შერჩევა პოლიტიკური წრეებიდან.
"ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსი არ უნდა იყოს განწესებული საკონსტიტუციო სასამართლოში". - თქვა მან.
კითხვაზე, არის თუ არა მიზანშეწონილი, ირაკლი კობაიძე დაინიშნოს მოსამართლის პოზიციაზე, ცაბუტაშვილი პასუხობს:
"ალბათ, არ არის".
თამაზ ცაბუტაშვილის შემცვლელის პოზიციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვაკანსია უკვე გამოაცხადა.
მოქმედი კანონმდებლობით, ახალი წევრი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა დანიშნოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები) 7 ივლისამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ თბილისში, ათონელის ქუჩა N25-ში, ან გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე info@president.gov.ge.