თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „COVID 19" განაცხადა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდება.
ცერცვაძის თქმით, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 1 000-ს არ უნდა გადააჭარბოს.
„იქნება შემთხვევების სერიოზული მატება. სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნებთ ნულს იმ გრაფაში, სადაც სიკვდილიანობაა აღნიშნული. ჩემი პროგნოზია, რომ ვინაიდან აქამდე შევძელით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლით შესვლა, როდესაც დაიწყება ფართომასშტაბიანი გავრცელება ინფექციის, ჩვენ შევძლებთ ევროპის სხვა ქვეყნებთან დისტანცია შევინარჩუნოთ და თუ სხვაგან არის ასეულობით ათასები, ჩემი პროგნოზია, ჩვენთან შემთხვევებმა არ უნდა გადააჭარბოს 1000-ს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით საქართველოში 117 პირი დაინფიცირდა. აქედან 23 გამოჯანმრთელდა.