logo
ENG



ცესკო: 8 ნოემბრის აქცია ცესკოზე ზეწოლის მიუღებელი ფორმაა

09 ნოე 202015:08
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო: 8 ნოემბრის აქცია ცესკოზე ზეწოლის მიუღებელი ფორმაა

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ 8 ნოემბრის საპროტესტო აქცია ცესკოზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში. 

"2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი. ამ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე საერთო სასამართლოებში. დაზუსტდა შემაჯამებელი ოქმების ნაწილი, სხვადასხვა ოლქებში გადაითვალა უბნების შედეგები და ჯერ კიდევ პროცესები მიმდინარეობს და არ დამდგარა საბოლოო ოფიციალური შედეგი.

თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა, რაც ცხადია აჩენს კითხვის ნიშნებს, წარმოადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არ ჯდება იმ სამართლებრივ ფორმებში, რომელიც მნიშვნელოვანია პროცესების ნდობის თვალსაზრისით". - წერია ცესკოს განცხადებაში. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ ის დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს. 

"საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ. მივმართავთ  საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელი შეუწყონ დიალოგს რაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო თანხმობისთვის ქვეყანაში". - აცხადებს ცესკო. 

8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წყლის ჭავლით დაარბიეს. 

მოქალაქეებმა და პოლიტიკოსებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ გადმოინაცვლეს.

ისინი 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

აქცია დღეს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე განახლდება. დემონსტრანტები აპირებენ, დაარღვიონ ხელისუფლების მიერ ჯანმრთელობის დაცვის მოტივით დაწესებული კომენდანტის საათიც, რომელიც 22:00 საათიდან ამოქმედდება. 


close დახურვა