ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფმა 900-მდე ამომრჩეველმა მიმართა.
თუმცა, მათი ნაწილი არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის მიმღებთა კრიტერიუმებს.
როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამომრჩევლებმა ცესკოს 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე უნდა მიმართონ და ცენტრალური საარჩევნო კომისია, კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს.
"თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში, ისარგებლებენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით.
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან.
"მოცემული დროისთვის, გადასატანი საარჩენო ყუთისთვის ცესკოს მომართა 900-მდე ამომრჩეველმა. თუმცა, გარკვეული ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეტანის კრიტერიუმებს". - აცხადებს ცესკო.