logo
ENG



ცესკო: პრეზიდენტმა თავმჯდომარის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით მიიღო

08 აგვ 202215:28
3 წუთის საკითხავი
clock 862
2022/08/08/4rhjjiluezbrpb3.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური მოტივით გადაწყვიტა ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატურების საკითხი. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები 5 აგვისტოს წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

პრეზიდენტმა არ დაასახელა მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა. 

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ "პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა იყოს ცესკოს მოქმედი წევრების პოლიტიკური მიკერძოება ან 2021 წლის არჩევნების ხარვეზებით ჩატარების ხაზგასმა, ეს კი აზიანებს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილე კონკრეტული პირების პროფესიულ ღირსებას, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის რეპუტაციას"

ცესკოს განცხადებით, პრეზიდენტის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს მისი განმარტებაც - სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გიორგი კალანდარიშვილი პარლამენტს უკვე ორჯერ წარუდგინა და ორივეჯერ მხოლოდ 6 თვის ვადით იქნა არჩეული. 

"ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამბობს, შესაბამისად, მათი სანდოობის პრობლემა არ დგას. 

"პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის პროფესიონალიზმს, ასევე აფასებს მის გამოცდილებას და საქმიანობას, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილების მიზანი, როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ისე წევრების შემთხვევაში, იყო საკონკურსო თანამდებობებზე უფრო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით შერჩეული კანდიდატურების გამოვლენა. ეს კი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა კანდიდატების მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით მათი დისკრედიტაცია ხდება, საკმაოდ რთულად მისაღწევია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის კვლავ არიან საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ კოლეგებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე. ვფიქრობთ მათი კანდიდატურების წარდგენა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი აღიარება და იმის დასტურია, რომ უწყების სანდოობის პრობლემა არ დგას.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს დემოკრატიული პრინციპების დაცვით, მაღალი პროფესიული სტანდარტით, გამჭვირვალედ და სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუციის და მისი წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური მოტივებით ხდება.

აქვე გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ პრეზიდენტის მიერ კონკურსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი თავმჯდომარე, კანონის შესაბამისად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მოქმედი თავმჯდომარე, ისევე როგორც ცესკოს 2 წევრი, მოვალეობას შეასრულებენ იმ დრომდე, სანამ კანონმდებლობის დაცვით მათი შემცვლელები არ იქნებიან არჩეულნი". - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. 


close დახურვა