logo
ENG



ცესკო: სასამართლომ საოლქო საარჩევნო კომისიებს 15 საარჩევნო უბნის გადათვლა დაავალა

08 ნოე 202020:20
3 წუთის საკითხავი
 
ცესკო: სასამართლომ საოლქო საარჩევნო კომისიებს 15 საარჩევნო უბნის გადათვლა დაავალა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სასამართლომ საოლქო საარჩევნო კომისიებს 15 საარჩევნო უბნის გადათვლა დაავალა. 

"საარჩევნო ადმინისტრაციაში გრძელდება გადათვლის პროცესი საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით. 8 ნოემბრის 18:00 საათის მონაცემებით საოლქო საუბნო კომისიებში გადათვლილია 24 საარჩევნო უბნის შედეგი. ამ ეტაპზე, როგორც რაიონულ ასევე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მიმდინარეობს დავების განხილვის პროცესი, რომლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება. რამდენი გადაწყვეტილების შედეგად საოლქო საარჩევნო კომისიებს დაევალათ 15 საარჩევნო უბნის გადათვლა, რაც დღეს განხორციელდება", - ამბობენ ცესკოში. 

გარდა ამისა, ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 8 ნოემბრის მდგომარეობით, 2020 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი - 4.14%.

"დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ პარლამენტის არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან. მაგალითად 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.15%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.03%-ით. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის, გადაეცათ 2 ბიულეტენი როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდებოდა საკრებულოს შუალედური ან მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლებმა 3 ბიულეტენი მიიღეს, ხოლო აჭარის რეგიონში 4 ბიულეტენი - 2 საქართველოს პარლამენტის, 2 კი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის", - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. 

მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. 

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893. 

პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400; 

ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19; 

ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850; 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა. 

მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით. 

თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 

 


close დახურვა