logo
ENG



ცესკო ბიულეტენის სისქესა და წონაზე საუბრობს, თუმცა არაფერს ამბობს ფარულობის დარღვევაზე

30 ოქტ 202422:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/30/x3mbdhn591crk52.png

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიულეტენის სისქესა და წონაზე საუბრობს, თუმცა არაფერს ამბობს მარკერის გაჟონვით ფარულობის დარღვევაზე.

არჩევნების შემდეგ არაერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხმის მიცემის შემდეგ მარკერი ბიულეტენის მეორე მხარეს კვალს ტოვებდა, რითაც ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა. ამაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიებიც.

ცესკო ირწმუნება, რომ ქაღალდი, რომელზეც მოქალაქეები პარტიებს აფერადებდნენ, უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო.

"პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს. ამდენად აშკარაა, ტექნიკურ-ლოგისტიკური საკითხიც კი მანიპულაციურად არის წარმოჩენილი და საარჩევნო პროცესის დაზიანებას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება უშუალოდ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამზადებულ ბიულეტენებს - საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკისგან“ ჰქონდა რეკომენდაცია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის შეეძინა ოფსეტური, 162 გრამიანი (+-20%) ქაღალდი.

აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190 გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც. ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო"- ირწმუნებიან ცესკოში.

30 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ ცესკო-ს 17 სექტემბერს მიმართეს წერილით, სადაც მათ შორის, ბიულეტენის ხარისხზე მიუთითეს და თქვეს, რომ უნდა მიღებულიყო ზომები პრობლემის აღმოსაფხვრელად. საია-ს თანახმად, პასუხად ცესკო-ში უთხრეს, რომ სასწავლო ეტაპზე სატესტო ვერსიის ბიულეტენს იყენებდნენ, არჩევნების დღეს კი ფარულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი.

"ბიულეტენების სისქე არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ უკანა მხარეს [მარკერს] არ დაეტოვებინა შესაბამისი კვალი. ეს არღვევდა ფარულობას მასშტაბურად და შესაბამისად ამომრჩეველს არ ეძლეოდა შესაძლებლობა, საკუთარი ხმა ფარულად დაეფიქსირებინა.

საიამ, ეს პრობლემა დააფიქსირა უფრო ადრე, როდესაც ცესკომ ჩაატარა სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები, სადაც გამოყენებული იყო ბიულეტენების მსგავსი ქაღალდი და ჩვენ მაშინ დავაფიქსირეთ ადგილზევე, რომ ეს ქაღალდი არ იყო სათანადო ხარისხის, ხოლო შემდგომ მივმართეთ ცესკოს ოფიციალური წერილით და დავუსვით კითხვა ამ საკითხზე - ცესკო ჩვენ გვეუბნებოდა, რომ სასწავლო ეტაპზე გამოყენებული იყო სხვა ხარისხის ფურცელი, ხოლო არჩევნების დღეს გამოყენებული იქნებოდა სხვა ხარისხის ბიულეტენი და ქაღალდის ხარისხი ისეთი იქნებოდა, რომ უზრუნველყოფილიყო ფარულობის დაცვა. როგორც აღმოჩნდა, ეს პირობა არაა შესრულებული", - თქვა საია-ს ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ.


close დახურვა