logo
ENG



ცესკო საარჩევნო კომისიებთან პროტესტზე: ზოგ შემთხვევაში ზეწოლის მცდელობებია

04 ნოე 202021:02
3 წუთის საკითხავი
 

ცესკო საოლქო-საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კომისიების სხდომებზე დასწრებას არაუფლებამოსილი პირები ცდილობენ, რიგ შემთხევაში კი არის ზეწოლის მცდელობებიც. 

ცესკოს განცხადებით, ​"საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ შესაბამის კომისიაში რეგისტრირებული სუბიექტის ერთ წარმომადგენელს, ასევე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ერთ დამკვირვებელს, 2 საერთაშორისო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად, ასევე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს". 

საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პოლიტიკოსები, მაჟორიტარობის კანდიდატები ითხოვენ, დათვლის და საჩივრების განხილვის პროცესს დაესწრონ, თუმცა, პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს. 

ამ დროისთვის ოპოზიციური სპექტრი არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ლაპარაკობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. 


close დახურვა