მარნეულში, N69 საარჩევნო უბნის მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ბათილად ცნო. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ისაუბრა.
მისივე თქმით, მოქალაქის ვინაობა, რომელმაც მარნეულში, ცესკოს 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენი ერთდროულად ჩაყარა, მოგვიანებით იქნება ცნობილი.
"მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია მარნეულში ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. 69-ე უბანზე შეწყდა საარჩევნო პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და აღნიშნული უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი. რაც შეეხება დეტალებს, ჩვენ როგორც სოციალური ქსელებიდან გვაქვს ინფორმაცია და ვიდეოში ვნახეთ, აღნიშნულ პირს საარჩევნო უბანზე ეკეთა წარმომადგენლის მოწმობა. უფრო მეტ დეტალებს, თუ რომელი სუბიექტის წარმომადგენელი იყო, მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას," - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.
***
მარნეულის ოლქში სულ 81 საარჩევნო უბანია, საიდანაც მხოლოდ 41 უბანზე მოქმედებს ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემა.
გარდა ამისა, უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებელს, რომელიც დარღვევას იღებდა.
ამის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის შემთხვევას გამოეხმაურა, სადაც საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. კერძოდ, საქმე ეხება გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი N69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ათეულობით კონვერტს ტენის, რის შედეგადაც, მარნეულის N69 საარჩევნო უბანი დაიხურა.