ელენე ხოშტარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებებს შორის პარალელს ავლებს - პოლიტიკოსის თქმით, საქმის შეკერვის ტაქტიკა ორივე შემთხვევაში ერთია.
როგორც ხოშტარიამ ვახო სანაიასთან „კომენტარში“ განმარტა, გამოძიება არ ინტერესდება საჭირო ინფორმაციით, არ სვამს კრიტიკულ კითხვებს და ანადგურებს მტკიცებულებებს.
„რამდენიმე სიმპტომია საქმის შეკერვის: პირველი არის მუდმივად ცვალებადი ჩვენებები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ხალხი თავის ნებაზე ცვლიდა ჩვენებებს, ცდება - ეს იყო შეთანხმებული. იყო ელემენტები, როცა არასრულწლოვანი ხორავაში იძახდა, რომ რაღაცა დაინახა, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ ეს არაა მნიშვნელოვანი და არ დაწერო.
მეორე სიმპტომია არდასმული კითხვები - კრიტიკულად არდაკითხული ხალხი. არ ატარებდნენ ჩხრეკას, არ ეკითხებოდნენ სად წაიღო ტანსაცმელი.
მტკიცებულებების არამოღება და განადგურება - პირდაპირ განადგურდა ხორავას საქმეში კომპიუტერში მინაწერები. აქაც, მაგალითად, არ ამოიღეს კამერების ჩანაწერები.
შავზე თეთრის თქმა - მირზა სუბელიანზე იძახდნენ, არ ვიცით, ვინ არისო, დაიწვა ფარდული - ამ შემთხვევაშიც დაიწვა სამალავი, გამოჩნდა ნიახური", - აცხადებს ელენე ხოშტარია.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა - 22 ივნისს ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს მდინარე არაგვში.
მისი გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული - მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი და ორი არასრულწლოვანი.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შაქარაშვილი ასფიქსიით გარდაიცვალა, თუმცა მას დაზიანებები სიცოცხლეშივე მიაყენეს.