კიდევ ერთი აქცია, რომელიც დღეს თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. „თეთრი ხალათების აქცია" - მედიკოსები ცხინვალში დაპატიმრებული ქართველი ექიმის დაკავების ფაქტს გააპროტესტებენ. აქციები სხვადასხვა კლინიკების მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყობა. ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილი ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებაში დახმარებისთვის საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელსაც მიმართავს. ექიმის დაკავების ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში და რა თქმა უნდა ეხლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს და დაუბრუნდეს ვაჟა მის ოჯახს. რასთან გვაქვს ხო საქმე, არის უკანონო დაკავებები, ცხინვალის იზოლატორი, ოკუპირებული ტერიტორია, ადამიანი იქ რომ იყოს ნორმალურად არის შეუძლებელი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური და ჩვენ ეს ინფორმაცია რამდენიმე არხით გვაქვს, მათ შორის მათივე ინფორმაციით, რომელსაც რეგულარულად ვამოწმებთ ცხელი ხაზით“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.