შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, დღემდე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში შესაბამისი სასჯელი მისჯილი აქვთ.
„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა, გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვის და მისი გმირობის ამბავი. მისი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია, მან დათმო ფაქტობრივად სამშობლოსთვის ბრძოლაში და ღირსებისთვის ბრძოლაში.
"ოკუპირებულ ცხინვალში შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი სასტიკი წამებით რეჟიმმა ფაქტობრივად მოკლა და დღემდე მისი მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი. ეს არის კიდევ ერთი ძალიან სასტიკი და ტრაგიკული მაგალითიც და შეხსენებაც იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე.
"ალბათ, დღეს აი, ამ რთულ პერიოდში ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე უფრო მაღალი ღირებულება. დაუშვებელია ის, რომ ადამიანები იყვნენ ტყვეობაში რეჟიმის მაშინ, როდესაც სიცოცხლესა და ჯანმრთელობა ემუქრება საფრთხე.
"დღეს მაინც, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული გონივრული ნაბიჯები გადაიდგმება და აღარ დავუშვებთ მსხვერპლს ახალგაზრდების, მოხუცების თუ ბავშვების, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, სჭირდებათ გამკლავება თუნდაც პანდემიასთან, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა ხელოვნური ბარიკადები, დაუნდობელი შეზღუდვები თუ რეჟიმი არ გახდება ამის დაბრკოლება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.