logo
ENG



ცომაიას თქმით, სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარება გია ლორთქიფანიძემ სთხოვა

13 იან 202216:56
3 წუთის საკითხავი
 
ცომაიას თქმით, სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარება გია ლორთქიფანიძემ სთხოვა

ელგუჯა ცომაია თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ჩვენებას აძლევს.

ცომაია, რომელიც ექსპრეზიდენტთან ერთად თავადაც ბრალდებულია საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეში, ყვება, რომ მას შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა და სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანაში დახმარება სთხოვა. 

ელგუჯა ცომაიას თქმით, სანაცვლოდ გია ლორთქიფანიძე შეპირდა, რომ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ეცდებოდა. 

ცომაიამ სასამართლო პროცესზე მოყვა, რომ 2-3 წლის წინ უკრაინაში, სადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა, პრობლემები მისი ცოლის ძმას შეექმნა. დახმარებისთვის ნაცნობს მიმართა, მან კი უთხრა, რომ ვერ დაეხმარებოდა და ეს მხოლოდ ერთ ქართველს, გია ლორთქიფანიძეს შეეძლო. 

ცომაია ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა და ჯერ შეხვედრა, შემდეგ კი პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვა. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დაპირდა, რომ ეცდებოდა. 

ელგუჯა ცომაია ყვება, რომ ამის შემდეგ გია ლორთქიფანიძეს რამდენჯერმე შეხვდა. ერთხელაც ყოფილმა მაღალჩინოსანმა მას დახმარებისთვის თავად მიმართა. 

"ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა. ისევ საწყობში ვიყავი. მოვალო. მოდი-მეთქი. საწყობი არის კიევში, კასპერსკის ქუჩაზე.  

იცოდა ჩემი საქმიანობა, მანქანები რომ მყავდა და დავდიოდი. მკითხა, შეძლებ თუ არა კაცის გადაყვანას საქართველოშიო. არ ყოფილა ლაპარაკი იმაზე, თუ ვინ იყო. მე ვუთხარი, თუ ეს გავაკეთე, ერთ რამეში უნდა დამეხმარო-მეთქი. იმიტომ, რომ საქართველოში მე და ჩემი მეუღლე ყველა უწყებაში ვიყავით და შედეგი ვერ მივიღე-მეთქი. ისევ მითხრა, ვეცდებიო". - თქვა ცომაიამ.

მისი თქმით, საქართველოდან გია ლორთქიფანიძის თხოვნით უკრაინაში ტვირთის გარეშე წავიდა, იქიდან კი ტვირთით დაბრუნდა, მანქანაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილმა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოშია. იმავე საღამოს ის დააკავეს, საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება კი დაკავებიდან 20 დღის შემდეგ, 20 ოქტომბერს წარუდგინეს. 

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია. 

ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები

2021 წლის 10 დეკემბერს საზღვრის კვეთის საქმეზე ბრალი წარუდგინეს კიდევ ერთ ადამიანს - შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს

სააკაშვილის საქმეები სხვა ბრალდებულების საქმეებისგან გამოყვეს და სასამართლო ცალ-ცალკე ეპიზოდებად განიხილავს.


close დახურვა