საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას, სავარაუდოდ, რამდენიმე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული. გამსახურდია კვლავ რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. მას უკვე ჩაუტარდა ორი ქირურგიული ოპერაცია. ამ ეტაპზე დამატებითი ოპერაცია არ იგეგმება.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვისაც, რჩება მძიმე. ის მართვით სუნთქვაზე რჩება. სამკურნალო დაცვითი ნარკოზით ღამის განმავლობაში რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. დინამიკაში გამოჩნდება ჩარევის მოცულობა შეიცვლება თუ არა სამედიცინო თვალსაზრისით. ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება. ჩატარებული ქირურგიული ჩარევების ეფექტი ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა ექიმმა ნინო ბურდულიამ.
ცოტნე გასახურდიას პარტიის თავმჯდომარე ვასილ გორგასლიძე არ ეთანხმება პროკურატურის ვერსიას, რომლის მიხედვითაც, განზრახ მკვლელობის მცდელობით მხოლოდ ერთი პირი დააკავეს.
„საქმე ისაა, რომ ეს ის საქმე არ არის, სადაც შეიძლება ვიღაცა რობოტივით მიიყვანო და რამე დააბრალო. მე იმედი მაქვს, რომ ამას ითავისებენ საგამომძიებლო ორგანოები და ყველა შემთხვევაში შეეცდებიან, რომ საქმე იყოს გამოძიებული. ყველა შემთხვევაში პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ გამოძიებას... მე არ მჯერა, რომ ერთი ადამიანი შეძლებდა ამას, იმიტომ რომ ცოტნეს კარგად ვიცნობ და ერთი ადამიანი ამას ვერ შეძლებდა, არ მაქვს საფუძველი, რომ ვენდო ან არ ვენდო, ყველაფერს ანახებს გამოძიება. ეს ისეთი სიტუაციაა, რომ ხელისუფლება ხვდება, რაიმე ზღაპრის მოგონება აქ არ გამოვა“, - განაცხადა ვასილ გორგასლიძემ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. ამ საქმეზე ხუთი პირი დააკავეს, აქედან ერთს ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დანარჩენ 4-ს კი გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.