logo
ENG



ცოტნე გამსახურდიას მეგობრები: ხშირად ამბობდა, რომ შესაძლოა, ის მოეკლათ

21 დეკ 201917:13
3 წუთის საკითხავი
 
u42l6y7equy8p8k.jpg

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების ნაწილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. ოჯახის მეგობრების თქმით, მათ  ცოტნე გამსახურდია მუდმივად აფრთხილებდა, რომ თუ რამე მოუვიდოდა, მიზეზი იქნებოდა მის მიერ მამამისის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნა. 

"ცოტნე გამსახურდიას ვინც იცნობს, ვერანაირი ერთი ან ორი ადამიანი მას მსგავს დაზიანებას ვერ მიაყენებდა. ესაა ჯგუფური თავდასხმა. ამიტომ არ გვჯერა იმ ვერსიის, რასაც ოფიციალურად აცხადებდნენ. ჯერ კიდევ შარშან გვეუბნებოდა ცოტნე, რომ მამამისის გამოძიების მოთხოვნის გამო, შესაძლოა მისი ლიკვიდაცია მომხდარიყო. ეს მას აქვს ნათქვამი თავის საახლობლოშიც და ვფიქრობ, სხვებმა უფრო მეტი იციან ამის შესახებ, რადგან არ მალავდა ამ თემას", - აცხადებს "შეაჩერე კორუფციის" დამფუძნებელი ვატო გელაშვილი. 

მეგობრების მიერ გავრცელებულ ვერსიას ეთანხმება უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ნოდარ ნათაძეც, რომელიც თავდასხმაში რუსულ კვალს ხედავ და ამბობს, რომ ეს  სწორედ ჩრდილოეთის ინტერესების შესაბამისად მოხდა. 

"ჩემი პირადი აზრით, ესაა ტერაქტი. კონიუქტურა მაძლევს ამის საშუალებას. რუსი არის ძალიან ცუდად დაინტერესებული სისაძაგლეების ჩადენაში. 5 „სპიცი“ ერთდრულად რა ამბავია. „სპიცების“ პატრონთან ცოტნეს საქმე არ ჰქონია. ეს მისი წრე არ არის", - აღნიშნა ნათაძემ. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს თავს ორი დღის წინ დაესხნენ. გამსახურდიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი ოთხი პირი. ცოტნე გამსახურდიას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თემაზე სოფო ვარდიაშვილი მუშაობს, რომელიც დეტალებს პირდაპირ ეთერში მოგვიყვება.


close დახურვა