პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამსახურდიას დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ ესაჭიროება. იგი ამჟამად მკურნალობას თურქეთის ამერიკულ კლინიკაში განაგრძობს.
როგორც "ფორმულას" გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა, რამდენიმე დღეში მას ნარკოზიდან გამოიყვანენ.
„სტაბილურია და ჯერჯერობით დაცვითი ნარკოზის ქვეშ იმყოფება. ამ დღეებში დგება საკითხი მისი გამოღვიძების შესახებ. რაც მთავარია, არ საჭიროებს დამატებით ოპერაციას. მკურნალობა უტარდება, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ფრენაც კარგად გადაიტანა. ჯერ არ ვიცი როდის ჩამოვიყვანთ, უნდა იმკურნალოს ბოლომდე", - განაცხადა ჯაბაურმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიას 19 დეკემბერს თავს დაესხნენ. ის მრავლობითი დაზიანებითა და ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამსახურდიას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. პოლიციამ 5 პირი დააკავა - ერთი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 4 კი - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
კიდევ ერთი დაკავებული, თორნიკე ქვათაძე, სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.