logo
ENG



ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებული სავარაუდოდ დაკითხვისას შემოაკვდათ

28 აგვ 202019:33
3 წუთის საკითხავი
 
vfjztz5x0dkjbe7.jpg

ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მანქანის დაცხრილვაში ბრალდებული, ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს, ცემაში შემოაკვდათ.

ცხედარის ფოტოებს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს.

თამარ მეარაყიშვილი "ფორმულასთან" საუბრისას ამბობს, რომ ცხინვალში საავადმყოფოს ეზოში გარდაცვლილის ოჯახის წევრები არიან შეკრებილები, თუმცა მათ შესვლისა და გარდაცვლილის ნახვის უფლებას არ აძლევენ.

"ეს მოხდა ცხინვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა კაცი არის 30 წლის, ის დაკავებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმის ვერსიით. რომ ეღიარებინა ეს დანაშაული, ცემაში შემოაკვდათ სამინისტროს თანამშრომლებს.

მას დარჩა სამი შვილი და როგორც მითხრეს საავადმყოფოს ეზოში არიან შეკრებილები ოჯახის წევრები, ახლობლები, საზოგადოება. საავადმყოფო გარშემორტყმულია პოლიციელებით, ოჯახის წევრებსაც არ მიეცათ ჯერჯერობით მორგში შესვლის და გარდაცვლილის ნახვის უფლება", - ამბობს მეარაყიშვილი.

სოციალურ ქსელში ფოტოების გავრცელების შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ანატოლი ბიბილოვმა სასწრაფო სხდომა გამართა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან და განაცხადა, რომ საქმის გამოძიება "პირად კონტროლზე აყავს", დე ფაქტო შს მინისტრი კი  გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს.

ამავე ცნობებით, ე.წ. გენერალურმა პროკურორმა უგუზმაგ ჯაგაევამ  სხდომაზე თქვა, რომ 28 აგვისტოს 14:21 საათზე "გენერალურ პროკურატურაში" შევიდა შეტყობინება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს მოქალაქე ინალ ჯაბიევი, რომელიც უგონოდ იყო და სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების მუხლით აღძრეს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრის ავტომობილს ცეცხლი 8 ივნისს გაუხსნეს. იგორ ნანიევი Niva-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 


close დახურვა