logo
ENG



ძაან ფარჩაკები არიან - აქციის დარბევისას დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

20 ნოე 201911:38
3 წუთის საკითხავი
 
nf8mq9t0fkh212x.jpg

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37-ვე პირი სასამართლოს დარბაზიდან დროებით გათავისუფლდა. სამოქალაქო აქტივისტები მათ ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ და სასამართლოს ეზოში საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს. გათავისუფლებულების თქმით, მათ წინააღმდეგ სამხილები არ არსებობს, ამიტომ მათი დაკავებაც უკანონოა. გიგა მაქარაშვილის თქმით, სასამართლოში აზრზე არ არიან რას აკეთებენ.

"ძაან, ძაან ფარჩაკები არიან. აზრზე არ არიან რას აკეთებს, ვის რატო უშვებენ, რატო აკავებენ. მტკიცებულებები მოაქვთ, სადაც საერთოდ არ ვჩანვართ. ვერ იხსნებენ რატომ დაგვაკავეს ან რომელი კანონით დაგვაკავეს. მოკლედ, ძალიან ახლოსაა მთელი ამ სისტემის ჩამონგრევა",- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი. 

აქციის დარბევისას დაკავებულების სასამართლო პროცესი მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა სასამართლო დარბაზში არ შეუშვეს არც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები. მიუხედავად იმისა რომ ნაზი ჯანეზაშვილს სპეციალური საშვი ჰქონდა მანდატურებმა მას დაკავებულების მონახულების საშუალება არ მისცეს.

"ერთადერთი მიზანი მქონდა შეხვედრა, რომ მეკითხა რატომაა ქაოსი სასამართლოში და პრობლემები იმაზე, რომ მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა 37 საქმე. ეს მაშინ როცა მთელი საზოგაოდოების ყურადღება ამ საქმისადმია მიპყრობილი. ვხედავთ, რომ სასამართლო იქვეა მიზანმიმართულად არ გამიშვეს",- ამბობს ჯანეზაშვილი. 

ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს ეზოშიც. ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. თუმცა ამის საშუალება ლაშა ჭიღლაძეს სამართალდამცველებმა არ მისცეს და მამაკაცი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აქციის დარბევისას დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს პირველი საათიდან განახლდება. მოსამართლე სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს. პროცესები, სავარაუდიდ, დღესაც ხმაურის ფონზე გაიმართება, რადგაც დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოში მისვლას ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები გეგმავენ.


close დახურვა