სახაჭაპურე რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ის საპატიმროს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
გამოძიება თეიმურაზ ვარშანიძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ დაიწყო. მას გამოძიება ძალადობას ედავებოდა.
5 ივნისს სახაჭაპურე რეტროს ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.
სახაჭაპურე 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. 5 ივნისის დილიდან რესტორანი აღარ გაიხსნა.
ყოფილი მენეჯერი წერს, რომ თავად რეტრო ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.
ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია.