ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთერთი ორგანიზატორი, რომელიც თბილისში, ძალადობრივ აქციაში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა, ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება.
"პრაიდთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ აზრი, ის, რომ მიუღებელია ნებისმიერი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ამას მშვიდობიანი ფორმით ვაპროტესტებეთ. ნებისმიერი ტიპის ძალადობა, თუნდაც ლგბტ ადამიანებს მიმართ თუ მედიის მიმართ, ან საერთოდ ძალადობის ფენომენი ბუნებრივია არის მიუღებელი ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის. ჩვენც შესაბამისად ამ ყველაფერს ვემიჯნებით. უბრალოდ პრაიდის იდეას, როგორც არასწორ ფორმას, პროპაგანდას გარკვეული ცხოვრების წესისა, ვეწინააღმდეგებით", - თქვა გოლეთიანმა.
რაც შეეხება საპატრიარქოს მიერ თბილისი პრაიდის პარალელურად მრევლის ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებას, სადაც დილიდან მედიის ათობით წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გოლეთიანმა თქვა, რომ "საპატრიარქო ძალადობას არავის მიმართ დააინიცირებს".
"ჩვენ საპატრიარქოს მოწოდების საფუძველზე ვართ აქ. საპატრიარქო არის ინსტიტუცია, რომელიც არცერთ შემთხვევაში თვითონ არ დააინიცირებს ძალადობას არავისკენ. უბრალოდ მოუწოდა ადამიანებს შეკრებისკენ და მშვიდობიანად ითქვა, რომ უნდა აღსრულდეს პარაკლისი, რომელსაც დავესწრებით. ამის გარდა როცა დიდი აქციაა და აქ არამარტო რელიგიური ნაწილი, სხვა ადამიანებიც არიან, რომელთათვის ასევე მიუღებელია პრაიდის იდეა და სხვაგვარ წინააღმდეგობას თვლიან მიზანშეწონილად, ამას ვერც საპატრიარქო გააკონტროლებს და ვერც ჩვენ, მშვიდობიანი ხალხი", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აქვთ დაკავებული. მათ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს. შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად უსწორდებიან მედიის წარმომადგენლებს. თავდასხმები პოლიციის უმოქმედობის ფონზე ხდება.
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ზოგიერთი ლიდერი ღირსების მარშის ჩატარების შემთხვევაში მსხვერპლითაც იმუქრება.