logo
ENG



ძალადობრივი ჯგუფების პოლიტიკური ტრანსფორმაცია - DRI ანგარიშს აქვეყნებს

02 თებ 202416:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/02/bsl4n824z80x651.jpg

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების 8-თვიან შედეგებს აჯამებს. ანგარიშში მიმოხილულია სოციალურ ქსელებში ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობა, შეკრება-მანიფესტაციები და ალტ-ინფოს საქმიანობა და მონიტორინგი.

პუბლიკაციის მიხედვით, სოციალურ მედიაში ულტრამემარჯვენე დისკურსი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, კერძოდ: ჰომოფობიურ რიტორიკას, რომელიც 17 მაისის მიახლოების პარალელურად გააქტიურდა და კულმინაციას 2023 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით მიაღწია. ანგარიშის თანახმად, დაკვირვებამ ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა გამოაშკარავა.

ორგანიზაცია, ასევე, გამოყოფს პროკრემლისტურ რიტორიკას, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების ფონზე გააქტიურდა.

"ულტრამემარჯვენე ჯგუფები ეკონომიკური სარგებლის მოტივით ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმას. სექტემბრიდან კი რეზონანსულ საკითხად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობაში მხილებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფირცხალაძის დაცვა იქცა", - წერს DRI.

ორგანიზაცია ცალკე გამოყოფს ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ რიტორიკას, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაში USAID-ის როლზე მიუთითებდა.

"ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკულ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა. საგულისხმოა, რომ კოლექტიური დასავლეთის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად წარიმართა", - მიუთითებს ორგანიზაცია.

ანგარიშში ვხვდებით ანტიდასავლური, ჰომოფობიური, კერძოდ თბილისის პრაიდის კვირეულის საწინააღმდეგო აქციების დაკვირვების შედეგსაც. DRI-ის ცნობით, გამოიკვეთა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციებს სისტემატურობა და დისციპლინა ახასიათებს. ასევე, შესამჩნევია სამართალდამცავთა ლოიალური დამოკიდებულება ულტრამემარჯვენე ლიდერების მიმართ.

ორგანიზაციის ანგარიშში წარმოდგენილია პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური ალტ-ინფოს საქმიანობის ანალიზი. ნათქვამია, რომ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით დაჯგუფებას 102 შემომწირველი ჰყავს. აქედან 101 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია. 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით კი რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას მხოლოდ ორი შემომწირველი დაემატა.

 

close დახურვა