logo
ENG



ძალიან მწირია და გაურკვეველი დახმარება უმუშევრებისთვის - რომან გოცირიძე

27 აპრ 202017:20
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ანტიკრიზისული გეგმა გაუაზარებლადაა შედგენილი და 300-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით დაბნეულობაც ამან გამოიწვია.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მალე ქვეყანაში დიდი ეკონომიკური კრიზისი დაიწყება და უმუშევრად დარჩენილ ხალხს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ არსებული ანტიკრიზისული გეგმა ნეპოტიზმის წახალისებას მოახდენს და რეალურად მაინც ვერ გაირკვევა, ვინ სად მუშაობდა.

„ეს არის მაგალითი, როგორი გაუაზრებელი და საზიანოა გეგმა - სადაც რთულია გარკვევა, უნდა იყოს ერთგვაროვანი მიდგომა. სადაც მარტივია, უნდა იყოს კრიტერიუმი. ჩვენი გეგმა სწორედ ამას გამოიწვევს. ასეთი გაურკვევლობა გამოიწვევს ნეპოტიზმის წახალისებას და მერე უნდა არკვიონ, ვინ სად მუშაობს", - აცხადებს გიგა ბოკერია.

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მთავრობას აკისრებს ვალდებულებას უმუშევრად დარჩენილთა ზრუნვის კუთხით და ამბობს, რომ არსებული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების პროცესი წარმოუდგენლად მიაჩნია.

„შოკში ვარ, რომ ხალხი ამდენი ხანია მშიერია და როგორც იქნა, გეგმა წარმოადგინეს და ახლა თურმე ბიუროკრატიას უნდა მოანდომონ კიდევ ერთი თვე, სანამ მას განახორციელებენ. ეს წარმოუდგენელი პროცესია და როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ როგორც გაძარცვეს ბიუჯეტი და უზრუნველად ცხოვრობენ, ხალხიც ასე ცხოვრობს", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ანტიკრიზისული გეგმა არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და გაუგებარიც კია, როგორ აპირებს მთავრობა ხალხის დახმარებას.

„ის, რაც ვიხილეთ - რაღაც სლაიდების სახით, ანტიკრიზისული გეგმა - ეს არის არც თუ ისე მიმზიდველი სურვილების ერთობლიობა. ძალიან მწირია დახმარება უმუშევრებისთვის და გაურკვეველია მხარდაჭერა ბიზნესისადმი", - ამბობს რომან გოცირიძე.


close დახურვა