მარტვილში ცოფი დაუდასტურდა ძაღლს, რომელმაც 20-ზე მეტი ადამიანი დაკბინა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი 24 აპრილს დადასტურდა.
"სააგენტოს ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები. ძაღლი, მეთვალყურეობის მიზნით, გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება", - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოცემა ინტერპრესნიუსი მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია 22 ადამიანის დაკბენაზე. მათ პრევენციის მიზნით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ, ორი ადამიანი კი მკურნალობაზე უარს ამბობს.