სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა პოლიციელის მხრიდან სპორტსმენ ლაშა ბექაურის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.
საქმე ეხება, ლაშა ბექაურის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის წერს, რომ პოლიციამ „ძმაოთი“ მიმართვის გამო დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტსმენ ლ.ბ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, - ნათქვამია განცხადებაში.