პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად ძიძიგური „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, როდესაც მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერს აპატიმრებენ, ეს ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან დიალოგის შეწყვეტის უფრო მაღალ ალბათობას აჩენს.
ძიძიგური სასამართლოს მიკერძოებულობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც შალვა თადუმაძემ გიგი უგულავას ბრალი ჯერ პროკურორობის რანგში წაუყენა, შემდეგ კი, როგორც მოსამართლემ განაჩენი თვითონვე გამოიტანა, შეუძლებელია მომხდარი პროცესუალურ დარღვევად არ ჩაითვალოს.
„ბატონი უგულავას დაპატიმრება ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ოპოზიციისათვის და მათი არგუმენტები, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნისას დააპატიმრეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ეს არის ისეთი არგუმენტი, რომელიც მათი მხრიდან მოლაპარაკებების ჩაშლას უფრო მაღალი ალბათობით ხდის შესაძლებელს. არ შეიძლება ასეთი დარტყმის ქვეშ დააყენო ქართული მართლმსაჯულება. როდესაც შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის რანგში წაუყენებს ბრალდებას კონკრეტულ პირს და შემდეგ მოსამართლის რანგში განაჩენს თვითონვე გამოიტანს, ეს არის ცალსახად, რომ მოსამართლე და სასამართლო არის მიკერძოებული და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეუძლებელია პროცესუალური ნორმის დარღვევად არ ჩაითვალოს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.