10:31: შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის 30 ნომერში მომხდარი აფეთქების გამოძიება მშენებლობის ან ექსპულუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
09:50 შემთხვევის ადგილზე მივიდა „თბილისი ენერჯის" საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი ნათია მიქიაშვილი, რომელმაც აბონენტებს მოუწოდა, ჩაჭრან კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი ოჯახი იყენებდა ასეთ გამათბობელს და ის რამდენიმე ხნის წინ ჩახსნა „თბილისი ენერჯის“ სამუშაო ჯგუფმა. სავარაუდოდ, მფლობელმა მოწყობილობა თვითნებურად ისევ დაამონტაჟა.
09:37 შემთხვევის ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ხელაძე. იგი აცხადებს, რომ მიმდინარეობს ოჯახების აღწერა. თითოეული დაზარალებული უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით სასტუმროში. როგორც ხელაძემ განმარტა, კორპუსის ყველა მცხოვრები შენობიდან გამოყვანილია.
08:30 რამდენიმე წუთის წინ გურამიშვილის გამზირზე, 30 ნომერში, მეორე კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია. "ფორმულას" ინფორმაციით, დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელიც კორპუსის მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს კიდევ სამმა მოქალაქემ მიმართა. დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კორპუსი პირველიდან მეოთხე სართულამდე გამონგრეულია. ამ დრომდე მიმდინარეობს იქ მცხოვრები ადამიანების სამძებრო სამუშაოები.
აფეთქება იმდენად მძიმე იყო, რომ ტალღა გავრცელდა მიმდებარე ტერიტორიაზეც. დაზიანებულია წინ მდებარე აფთიაქის ფასადი. ჩამსხვრეულია თავად აფეთქებული კორპუსის თითქმის ყველა სართულის შუშა. ასევე, დაზიანდა კორპუსთან მდგომი რამდენიმე მანქანაც. კორპუსის მოსახლეობა ევაკუირებულია.