ნიუ-იორკის დასავლეთით ძლიერი შტორმის გამო სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესობა ბუფალოში. ჩრდილოეთ ამერიკა საშინელმა ზამთრის შტორმმა მოიცვა.
ოფიციალური პირის განცხადებით, შტორმის გამო რამდენიმე ადამიანი საკუთარ მანქანაში ორ დღეზე მეტხანს იყო გაჭედილი. კანადიდან მექსიკის საზღვრამდე გადაჭიმულმა შტორმა ჯამში 56 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
"ეს თაობების ქარიშხალია", - თქვა მარკ პოლონკარზმა, ერის ოლქის ხელმძღვანელმა, სადაც ბუფალო მდებარეობს.
"გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, თუმცა ეს ჯერ დასასრული არაა", - განაცხადა მან.
შტატის გუბერნატორმა, კეთი ჰოკულმა ვითარება საომარ ზონაში წასვლას შეადარა. მისივე თქმით, სამაშველო მანქანების უმრავლესობამ დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია ან თვითონ გაიჭედა თოვლში.
სინოპტიკოსები ამბობენ, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში ამინდი ჩაწყნარდება, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებენ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლები არ დატოვონ.
შტორმით გამოწვეული სიკვდილი დაფიქსირდა ვერმონტში, ოჰაიოში, მისურიში, ვისკონსინში, კანზასსა და კოლორადოში. სამხრეთ ფლორიდაში კი ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ იგუანებს შესცივდათ და ხეებიდან ჩამოვარდნენ.