წალენჯიხაში გახარიას პარტიიდან საკრებულოს წევრი, გელა აბულაძე დააკავეს.
ანტიკორუფციულმა სამსახურმა მის მიმართ გამოძიება 2021 წლის 23 აგვისტოს დაიწყო.
სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, აბულაძეს თაღლითობას ედავება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე, საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის ყალბად დამზადება მოსთხოვა. თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. „ლეციმინტიეს“ უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი.
გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინებათ ყველა ზემოაღნიშნულ პირს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობს". - აცხადებს სუს-ი.
მანამდე, 3 დღით ადრე გელა აბულაძეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კანდიდატურის მოხსნა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.
წალენჯიხაში გახარიას პარტიის წევრი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამასთან, მათთან თანამშრომლობით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ გელა აბულაძე საკრებულოში ვერ დაბრუნდება, ოპოზიცია მას დაკარგავს.