logo
ENG



წამება ცხინვალის ციხეში და საქართველოს შანსი რუსეთის წინააღმდეგ

23 ოქტ 201919:09
3 წუთის საკითხავი
 
4d8it4xxz0iyo5w.png

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა. ვიდეო რამდენიმე ფრაგმენტისგან შედგება. უფლებადამცბველი არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი ადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე სისტემურად ხორციელდება და ქართულ მხარეს, საერთაშორისო დონეზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ჩოფიკაშვილის თქმით, სახეზეა ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა. ხელისუფლებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ ოპოოზიციაშიც. უტყუარი მტკიცებულება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება შეუძლია, - ასე აფასებენ ვიდეოკადრებს ხელისუფლების ოპონენტები.

მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ ოფიციალური თბილისი გააკეთებს ყველაფერს რათა უზრუნველყოს სახელმიწფო ინტერესები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებების ყოველდღიურ დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოფიციალური თბილისისთვის ერთადერთ ბერკეტად, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობაა.

ოკუპირებული ტერიტორიის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავ ფაქტებზე საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები წლებია საუბრობენ. საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, თუმცა მარიონეტული რეჟიმი ყველა ბრალდებას უარყოფს. აღნიშნული ჩანაწერი კი ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელიც ასახავს იმ მძიმე მდგომარეობას, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ახლა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა, სამართლებრივად უტყუარ მტკიცებულებას, ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ.


close დახურვა